Narkozi.com » დაავადებები » ფილტვის კიბო

ფილტვის კიბო

  ავტორი: Admin | თარიღი: 16 May 2012  | ნანახია: 6782 

ფილტვის კიბოუკანასკნელ ხანს ქვეყნის ონკოლოგიური დაავადებების სტრუქტურაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ფილტვის ავთვისებიან სიმსივნეს. მამაკაცები ფილტვის კიბოთი ქალებზე 7-10-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. დაავადების სიხშირე ასაკის პროპორციულად იმატებს - 60-69 წლის მამაკაცებს შორის ავადობა 60-ჯერ მეტია, ვიდრე 30-39 წლის ასაკში. ფილტვის კიბოს შესახებ გვესაუბრება ექიმი ცისანა უშვე-რიძე.


- რა უწყობს ხელს ფილტვის კიბოს განვითარებას?
- რისკის ფაქტორია თამბაქოს მოწევა, განსაკუთრებით - დიდ ქალაქებში, სადაც ჰაერი ისედაც გაჯერებულია გამონაბოლქვი და ნამწვი აირებით. ჰაერში არსებული კანცეროგენული ნივთიერებანი დროთა განმავლობაში ფილტვების ეპითელური ქსოვილის სტრუქტურისა და ფუნქციების რღვევას იწვევს და ხელს უწყობს სიმსივნური ქსოვილის აღმოცენებას. ამასთანავე, თამბაქოს კვამლი ერთნაირად საშიშია როგორც მწეველებისთვის, ისე არამწეველებისთვისაც. მწეველთა არამწეველ ოჯახის წევრებს შორის დაავადება ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე იმ ოჯახებში, სადაც თამბაქოს არ ეწევიან.
მეგაპოლისებში დაავადების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს ჰაერის დაბინძურება, უპირველეს ყოვლისა, ავტომანქანების გამონაბოლქვი მავნე აირებით.
დიდ როლს ასრულებს მავნე საწარმოო ფაქტორებიც: აზბესტისა და ნიკელის მტვერი, ქრომის ნაწილაკები. თუ ადამიანს ამ ნივთიერებებთან დიდხანს აქვს კონტაქტი, დიდია ალბათობა, ონკოლოგიური პათოლოგიით დაავადდეს. საწარმოო მტვრით გამოწვეული პნევმოკონიოზებიც საკმაოდ ხშირად რთულდება ფილტვის კიბოთი. დაავადების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სასუნთქი სისტემის მდგომარეობას - დაავადებისადმი განწყობა რამდენადმე იმატებს ქრონიკული ბრონქიტის, ქრონიკული პნევმონიის, ტუბერკულოზის ან პნევმოსკლეროზის შედეგად ფილტვის პარენქიმაში განვითარებული ნაწიბუროვანი ცვლილებების შედეგად.


- ჰისტოლოგიური აღნაგობის მიხედვით ფილტვის კიბოს რა და რა ფორმებს განასხვავებენ?
- გამოყოფენ ფილტვის კიბოს ორ ძირითად ტიპს: მცირეუჯრედოვანსა და არამცირეუჯრედოვანს ანუ დიფერენცირებულს. რაც უფრო დაბალი დიფერენცირებისაა სიმსივნე, მით უფრო ავთვისებიანი ბუნებისაა იგი. სიმსივნის მცირეუჯრედოვანი ტიპი ავადობის საერთო შემთხვევათა 20%-ში გვხვდება. ახასიათებს სწრაფი განვითარება, ლიმფურ კვანძებსა და სისხლის მიმოქცევის სისტემაში მეტასტაზირება.
რაც შეეხება არამცირეუჯრედოვან ანუ დიფერენცირებულ ტიპს, მის წილად ავადობის 80% მოდის. ამ ტიპის სიმსივნის დროს პროგნოზი გაცილებით საიმედოა.


- რა თავისებურებანი ახასიათებს ფილტვის კიბოს დროს სიმსივნური ქსოვილის ზრდას?
- ფილტვის კიბო ბრონქების ლორწოვანი გარსის ამომფენი ეპითელური ქსოვილისგან ვითარდება. სიმსივნე ორივე ფილტვში დაახლოებით ერთნაირი სიხშირით წარმოიქმნება და აზიანებს მთავარ, სეგმენტურ და წვრილ ბრონქებს. სიმსივნეს, რომელიც მთავარ და სეგმენტურ ბრონქებს არის მოდებული, ცენტრალურს უწოდებენ, ხოლო შედარებით წვრილ ბრონქებში არსებულ წარმონაქმნს - პერიფერიულს.


- რა ნიშნების საფუძველზე ხდება დაავადების ამოცნობა?
- ფილტვის კიბო კლინიკურად სხვადასხვანაირად ვლინდება. სურათი უმთავრესად სიმსივნის განვითარების სტადიაზეა დამოკიდებული. საწყის ეტაპზე დაავადებისთვის მკვეთრად დამახასიათებელი ნიშნები თავს არ იჩენს, რაც აძნელებს კიბოს ადრეულ სტადიაში დიაგნოსტიკას. დაავადება სამ სტადიად ვითარდება. პირველია ბიოლოგიური პერიოდი, რომელიც მოიცავს სიმსივნის განვითარების დასაწყისს. ამ დროს სიმსივნის ნიშნები რენტგენულად არ ვლინდება. მეორეა უსიმპტომო ანუ კლინიკური ნიშნების გამოვლენამდელი პერიოდი, როცა სიმსივნის ნიშნები მხოლოდ რენტგენულ გამოსახულებაზე ჩანს. მესამე, კლინიკურ პერიოდში, სიმსივნის ნიშნები უკვე დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების სახითაც იჩენს თავს. ფილტვის კიბოს ადრეულ სტადიაში გამოვლენა ძნელია. პაციენტების უმრავლესობა სამკურნალო დაწესებულებას მხოლოდ საგანგაშო ნიშნების გაჩენის შემდეგ მიმართავს, ეს კი დაავადების მეორე-მესამე პერიოდში ხდება და, წარმოიდგინეთ, კიბოს კლინიკური გამოვლინება ამ დროსაც კი არაერთგვაროვანი და განსხვავებულია.


- ცნობილია, რომ ფილტვის კიბო წლობით საიმედოდ ინიღბება. როგორ ამოვიცნოთ შენიღბული დაავადება?
- საწყის სტადიაში კიბო ყველაზე ხშირად სასიცოცხლო ტონუსის დაქვეითების ნიღაბს ეფარება. ამ დროს ავადმყოფი უჩივის შრომის უნარის მცირედ დაქვეითებას, ადვილად დაღლას, ინტერესების შესუსტებას და ირგვლივ მომხდარი მოვლენებისადმი ერთგვარად აპათიურ დამოკიდებულებას. შესაძლოა, დაავა-დება რესპირატორული პათოლოგიითაც შეინიღბოს. მაგალითად, ზედა სასუნთქი გზების კატარით, განმეორებითი გრიპით, ბრონქიტით, პნევმონიით. ამ დროს პერიოდულად იწევს სხეულის ტემპე-რატურა, თავს იჩენს სისუსტე, რომელიც თავისთავად ქრება, შემდეგ კვლავ მეორდება. ეს სიმპტომები, ჩვეულებრივ, ადვილად აღმოიფხვრება სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო, აგრეთვე შინაური საშუალებებით. ექიმთან მხოლოდ მაშინ მიდიან, როდესაც სისუსტე 1-2 თვეს გრძელდება, ეს კი უკვე დაავადების მეორე-მესამე პერიოდს შეესაბამება, ასე რომ, დიაგნოზიც ადვილად ისმება.


- ფილტვის კიბოს უშუალო კლინიკურ ნიშნებზე რას გვეტყვით?
- კლინიკური პერიოდისთვის დამახასიათებელია:
ხველა - თავდაპირველად იშვიათია, შემდეგ კი მუდმივი ხდება. ხშირად იგი ფილტვების კიბოს წამყვანი სიმპტომია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ფილტვის პერიფერიულ კიბოს ხველა არ ახასიათებს;
გულმკერდის ტკივილი - ეს სიმპტომი, ჩვეულებრივ, დაზიანებული ფილტვის მხარეს იჩენს თავს და სხვადასხვა ხასიათისა და ინტენსივობისაა. არცთუ იშვიათად მას ნეკნთაშუა ნევრალგიად მიიჩნევენ. ტკივილს პარიეტალური პლევრის, მოგვიანებით კი გულმკერდის შიგნითა ფასციის, ნეკნთაშუა ნერვებისა და საკუთრივ ნეკნების პათოლოგიურ პროცესში ჩართვა იწვევს. ამ შემთხვევაში იგი განსაკუთრებით მტანჯველია, მუდმივია და თითქმის არ ემორჩილება ტკივილგამაყუჩებელ თერაპიას.
სისხლიანი ნახველი - შედეგია სიმსივნით დაზიანებული ბრონქის კედლის ნაწილაკების ნახველში მოხვედრისა, რაც ბრონქის ლორწოვანი გარსისა და იქ გამავალი სისხლძარღვების მთლიანობის დარღვევაზე მიგვანიშნებს. უმეტესად სწორედ ეს სიმპტომი აიძულებს ავადმყოფს, მიმართოს ექიმს. სამწუხაროდ, იგი ხშირად უკვე დაავადების შორს წასული ფორმის მაუწყებელია.
სულისხუთვა, რომელიც იწვევს მზარდ სუნთქვით დისკომფორტს, გულისცემის გახშირებასა და გულმკერდის ტკივილს. ეს ფილტვის მნიშვნელოვანი განყოფილებების სუნთქვითი პროცესიდან გამოთიშვის და დაავადების გვიანდელი სტადიის მაუწყებელია. დაავადების კლინიკური ნიშნებია ასევე სუნთქვის დროს სტვენა, წონის კლება და მადის დაქვეითება, ფილტვების ანთება, რომელიც მედიკამენტურ მკურნალობას არ ემორჩილება.


- როგორ ხდება ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკა, კვლევის რომელ მეთოდებს იყენებთ საამისოდ?
- დიაგნოსტიკა იწყება რენტგენული გამოკვლევით. ტარდება მიმოხილვითი რენტგენოგრამა და კომპიუტერული ტომოგრაფია. ვიყენებთ ბრონქების ენდოსკოპიურ გამოკვლევას - ბრონქოსკოპიასაც, რომელიც სიმსივნის აგებულების, ბრონქულ ხეში ცვლილებათა გავრცელებისა და მისი საზღვრების, უახლოესი ლიმფური კვანძების მდგომარეობისა და სიმსივნის ზრდის ხასიათის დადგენის საშუალებას გვაძლევს. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, როდესაც ქირურგიული ოპერაცია იგეგმება, ბრონქოსკოპია ოპერაციის მოცულობისა და ხასიათის განსაზღვრაშიც გვეხმარება. დიაგნოსტიკის ნაწილია ტრანსთორა-კალური ბიოფსიაც. ზოგჯერ საჭიროა დიაგნოსტიკური თორაკოსკოპიის ან თორაკოტომიის ჩატარება, რომლის დროსაც დაზიანებული ფილტვისა და ლიმფური კვანძების რეგიონული კოლექტორებიდან ხდება ბიოფსიური მასალის აღება. ამ სადიაგნოსტიკო მეთოდთა ერთობლიობა გვაძლევს საშუალებას, დავსვათ ზუსტი დიაგნოზი და პაციენტისთვის ოპტიმალური სამკურნალო ტაქტიკა დავსახოთ.


- როგორია დაავადების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები?
- სამკურნალო საშუალებათა შერჩევა ბევრად არის დამოკიდებული კიბოს ფორმაზე, მის გავრცელებაზე, მეტასტაზების არსებობა-არარსებობაზე. დღეს კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება ქირურგიული, სხივური თერაპია და ქიმიოთერაპია. მკურნალობა კომბინირებულია, რასაც საუკეთესო შედეგი მოაქვს.
სხივური თერაპია და ქიმიოთერაპია მკურნალობის კონსერვატიული მეთოდებია. მათი მეშვეობით გაცილებით მეტი პაციენტის დახმარება შეიძლება, ვიდრე ქირურგიული გზით, თუმცა მათი ეფექტი რამდენადმე მაინც ჩამოუვარდება ქირურგიული მკურნალობით მიღწეულ შედეგს. კიბოს ქირურგიული მკურნალობა, ძირითადი ონკოლოგიური პრინციპების გათვალისწინებით, ფილტვის დაზიანებული ნაწილის ან მთელი ფილტვის ამოკვეთას გულისხმობს. ოპერაციისას ხდება რეგიონული ლიმფური აპარატის ამოკვეთაც.


- რამდენად ხშირია რეციდივი ანუ დაავადების განმეორება უკვე ნამკურნალევ პაციენტებში?
- ფილტვის კიბოს მეტასტაზირება ლიმფური კვანძების მეშვეობით ხდება. კიბოს უჯრედები ვრცელდება ლიმფის ნაკადთან ერთად, რომელიც ფილტვების ყოველი წილიდან გამოედინება. ფილტვის კიბოს რეციდივი ვითარდება არასაკმარისად რადიკალური ოპერაციის შემდეგ, როდესაც პირველადი სიმსივნის საზღვრებს გარეთ რჩება მეტასტაზები, რომლებიც ზრდას განაახლებს. რეციდივების მკურნალობა პალიატიურია ანუ იძლევა დროებით ეფექტს. კიბოს გავრცელების შემთხვევაში, როდესაც პაციენტს შორეული მეტასტაზები, ლავიწზედა ლიმფური კვანძების დაზიანება ან ექსუდაციური პლევრიტი აღენიშნება, ტარდება კომბინირებული ქიმიოთერაპია, ხოლო თუ მან სასურველი შედეგი არ გამოიღო, მივმართავთ სხივურ თერაპიას, რომელიც ამ შემთხვევაში ასევე პალიატიური, დროებითი შედეგის მომტანია.


- კიბოთი დაავადებულებს ყველაზე მეტად ალბათ ის აინტერესებთ, რა ელით მომავალში...
- დაავადების პროგნოზი უმთავრესად სიმსივნური პროცესის სტადიასა და სიმსივნის ჰისტოლოგიურ სურათზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით ავთვისებიანია ანაპლაზიური, მცირეუჯრედოვანი ფორმები. არამცირეუჯრედოვანი სიმსივნის შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროგნოზი შედარებით საიმედოა. თუ კონკრეტული მონაცემები გაინტერესებთ, ისინი დაახლოებით ასეთია: 40-50%-ში კიბოს I სტადიაში მყოფი პაციენტებისთვის და 15-30% - II სტადიაში მყოფთათვის. თუმცა აქვე უნდა გითხრათ ისიც, რომ ეს არ ეხება გავრცობილ სიმსივნეს - ამ შემთხვევაში პროგნოზი, სამწუხაროდ, არაკეთილსაიმედოა, ამიტომ ყველას ვურჩევ, ნებისმიერი ზემოთ აღწერილი სიმპტომის შემჩნევისას დაუყოვნებლივ მიმართოს სპეციალისტს - დროული დიაგნოსტიკისას, ადრეულ სტადიაში ფილტვის კიბო საკმაოდ კარგად ემორჩილება მკურნალობას და პაციენტებიც დიდხანს ინარჩუნებენ სრულფასოვანი ცხოვრებისა და შრომის უნარს.



პატივცემულო მომხმარებელო! თქვენ შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი. იმისთვის რომ გახდეთ საიტის სრულუფლებიანი წევრი. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია


 

                                                                                                                                   

გაუგზავნე მეგობარს    ამობეჭდვა       



Information

Members of სტუმარი cannot leave comments.